კალათბურთი

12:40 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძე სერია A-ს დაუბრუნდა
“ტრიესტეს” პრეზიდენტი: “ის ჩვენი ოქროს ბიჭია, რომლის დაუღალავ შრომას ყოველთვის ვაფასებდით”

24 წლის ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე (2.00 მ.) მომავალ სეზონს იტალიის სერია A-ს ბინადარ “ტრიესტეში” გაატარებს. ამ ინფორმაციას აპენინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გიგა სწორედ ტრიესტელთა საკუთრება გახლდათ, თუმცა, გასული სეზონი განათხოვრების წესით “კალიარიში” გაატარა, სადაც საშუალოდ 8.2 ქულას, 4.8 მოხსნასა და 0.7 პასს აგროვებდა.
ჯანელიძეს ორქულიანებში 62%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, სამქულიანებში – 29%, ხოლო საჯარიმოებს 66%-იანი სიზუსტით ესროდა.
“ტრიესტეს” პრესსამსახურის ცნობით, ქართველი კალათბურთელი გუნდის ქომაგებში დიდი სიყვარულით სარგებლობს და მწვრთნელი ეუჯენიო დალმასონიც მოხარული იქნება, გიგა 4 ნომრის პოზიციაზე დატვირთოს.
“ბედნიერები ვართ, რომ ჯანელიძე ისევ ჩვენთან ერთად არის. ის ერთ-ერთი ჩვენიანია, ოქროს ბიჭი, რომლის სურვილებსა და დაუღალავი შრომას ყოველთვის ვაფასებდით”, - აღნიშნა “ტრიესტეს” პრეზიდენტმა ჯანლუკა მაურომ.
კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა ფორვარდმაც: “გასული სეზონის შემდეგ, მოხარული ვარ, რომ “ტრიესტეს” შემადგენლობას ვუბრუნდები. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია”.
ცნობისთვის, გიგა იმ კალათბურთელთა შორის მოხვდა, რომლებიც საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა კანდიდადთა შესარჩევ კემპზე იხმო, სერია A-ში დაბრუნებამ კი, მას ეროვნულ გუნდში დამკვიდრებაშიც უნდა შეუწყოს ხელი.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ “ტრიესტესთვის” გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გუნდმა რეგულარული პირველობა მე-7 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშა, სადაც “ვანოლი კრემონასთან” 1:3 დამარცხდა.

0.130025