საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგაზე გარჯა დაასრულა, მაგრამ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ამჯერად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონის, „არარატ-არმენიას“ წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.
ჩვენ სწორედ ვარდან მინასიანის გუნდის შესახებ ვისაუბრებთ და ვეცდებით უფრო ახლო ხედით წარმოგიდგინოთ. თავდაპირველად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდს არაფერი საერთო არ აქვს ერევნის „არარატთან“, რომელიც სხვა გუნდია, „არარატ-არმენია“ - სხვა.
„საბურთალოს“ მომავალი მეტოქე სულ რაღაც ორი წლის ისტორიას ითვლის. 2017 წელს სამველ კარაპეტიანმა დაარსა და თავიდანვე სომხურ ფეხბურთის ლიდერებში გაერია. 2017-2018 წლების სეზონში სომხეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელიც მისთვის სადებიუტო სეზონი იყო, მესამე ადგილი დაიკავა და უმაღეს ლიგაში აღზევდა.
აი, გასულ, 2018-2019 წლების სეზონში კი ჩინებულად იასპარეზა, 61 ქულა დააგროვა და ისტორიაში პირველად სომხეთის ჩემპიონი გახდა. შედეგად, ვარდან მინასიანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
„არარატ-არმენია“ შვედეთის ჩემპიონ „აიკს“ დაუპირისპირდა და დიდი ბრძოლაში გაუმართა. მეტიც, ერევანში პეტროს ავეტისიანის დუბლით 2:1 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის თავზე შვედეთში ბრძოლაში, 1:3 წააგო და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო.
სომხეთის ჩემპიონმა ევროპა ლიგაზე გიბრალტარის „ლინკოლნის“ ბარიერი უპრობლემოდ დაძლია - ჯერ შინ აჯობა ანტონ კობიალკოსა და კოჯო ალფონსის გოლებით, ხოლო შემდეგ სტუმრად ლუის ოგანას დუბლით 2:1 იმარჯვა.
შემადგენლობა
უნდა ითქვას, რომ „არარატ-არმენიას“ რიგებში ლეგიონერები სჭარბობენ. რუსი, სერბი, ბულგარელი, ჰოლანდიელი, კოტ დივუარელი, ნიგერიელი, ჰაიტელი, მაკედონიელი, პორტუგალიელი, ბურკინა ფასოელი, მაროკოელი, ესტონელი და კაპე ვერდელი ფეხბურთელები ადგილობრივ მოთამაშეებთან ერთად „არარატ-არმენიას“ საწყის ისტორიას წერენ.
მეკარეები: არმან ნერსესიანი, დმიტრი აბაკუმოვი, სტეფან კუპიჩი
მცველები: ანგელო მენესეში, ალბერტ ხაჩუმიანი, გეორგი პაშოვი, დმიტრი გუზი, როშდი აჩენტე, ალექსანდარ დამჩევსკი, არტურ დანიელიანი, კრისტიან ალექს ჟუნიორი
ნახევარმცველები: არმენ ნაჰაპეტიანი, გორ მალაკიანი, არმენ ამბარცსუმიანი, ზირაირ შაგოიანი, დავიდ ნალბანდიანი, ფურდიელ ნარსინგი, კოჯო კასე ალფონსი, ილია ანტონოვი, პეტროს ავეტისიანი, მეილსონ ლიმა
თავდამსხმელები: ზაკარია სანოგო, ანტონ კობიალკო, ლუის ოგანა
მწვრთნელი
ვარდან მინასიანმა „არარატ-არმენია“ 2018 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და წარმატები მუშაობს. მანამდე სახელი ერევნის „პიუნიკის“ თავკაცის რანგში გაითქვა, რომელიც სამჯერ გახადა სომხეთის ჩემპიონი. საკლუბო დონეზე ასევე წვრთნიდა ყაზახურ „ტობოლოს“ თუმცა, არცთუ დიდი ხნით. სამაგიეროდ, სომხეთის ნაკრებში 2009-2013 და 2018 წელს ორჯერ მოღვაწეობდა.
ვნახოთ, რა ძალას წარმოადგენს სომხეთის მოქმედი ჩემპიონი. პირველი მატჩი ერევანში 6 აგვისტოსაა ჩანიშნული, ხოლო საპასუხო თბილისში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. წყვილში გამარჯვებული გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს და ძალიან ახლოს იქნება ჯგუფურ ეტაპთან.