25 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა პოლონეთის ქალაქ სოპოტში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 92 040 ევრო) მე-2 მატჩი მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე პოლონელ კასპერ ჟუკს 6:3, 6:1 სძლია, დღეს კი, მე-8 ნომრად განთესილ ალესანდრო ჯიანესის აჯობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში 148-ე ადგილზე მყოფ იტალიელთან პირველი სეტი წააგო, თუმცა, მობილიზება მოახერხა და 4:6, 6:3, 6:4 იმარჯვა.
ცნობისთვის, სანდროს რეიტინგში 559-ე პოზიცია უკავია, პიკი კი 2016 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც 264-ე ადგილს უწია. მას შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ავტოავარიაში მოჰყვა და კარიერის დაწყება ფაქტობრივად თავიდან დაიწყო, ამდენად, მისი თითოეული წარმატება განსაკუთრებით სასიხარულოა.
მეტრეველმა მერვედფინალში გასვლის წყალობით 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი, მე-10 განთესვის მქონე სლოვაკ ფილიპ ჰორანსკისა და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანოს შორის უმჯობესს შეხვდება.
ხვალ, სანდრო სოპოტის ტურნირის წყვილთა შეჯიბრშიც ჩაებმება. ის და რუსი ალექსეი ვატუტინი მერვედფინალში იტალიელ მარკო ბორტოლინისა და ავსტრალიელ კრისტოფერ ო’კონელს ეთამაშებიან.