ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ 38 წლის მცველმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელიდან აუწყა.
„მადლობა და ნახვმადის“, - დაწერა ევრამ და თან სპეციალური ვიდეოც დაურთო.
ევრას ჩინებული საფეხბურთო კარიერა „მარსალაში“ დაიწყო, საიდანაც იტალიურ „მონცაში“ აღმოჩნდა. შემდგომ საფრანგეთს დაუბრუნდა და „ნიცას“ მაისური მოირგო, ხოლო სახელი „მონაკოში“ თამაშით გაითქვა.
2006 წელს ალექს ფერგიუსონის მიწვევით „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდა და კარიერის საუკეთესო წლებიც „ოლდ ტრაფორდზე“ გაატარა. 2014 წლიდან კი ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას 2.5 წლის განმავლობაში იცავდა.
იტალიიდან კი სამშობლოს დაუბრუნდა და მარსელის „ოლიმპიკში“ ჩაირიცხა, მაგრამ „ველოდრომი“ მალევე დატოვა. ბოლოს ლონდონის „ვესტ ჰემთან“ აკავშირებდა პროფესიონალური კონტრაქტი.
საფრანგეთის ნაკრებში ევრამ 2004-2016 წლებში 81 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.