ხორვატულ ოსიეკში მიმდინარე პარამსროლელთა მსოფლიოს თასზე საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ლადო ჭინჭარაული, ვისაც სულ ცოტა - 0.4 ქულა დააკლდა ფინალამდე. ქართველმა პარამსროლელმა პნევმატური თოფით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 625.6 ქულით დაასრულა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე (104.3; 104.2; 104.5; 104.2; 104.7; 103.7) გავიდა. ფინალში გამსვლელი ქულა 626.0 აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჭინჭარაულმა ამას წინათ ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქტომბერში ის ავსტრალიაშიც გამოვა პარამსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატში, სადაც ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების ლიცენზიები გაიცემა.
ოსიეკში კი მსოფლიოს თასის მფლობელი ახალზელანდიელი მიხაელ იონსონი გახდა 252.5 ქულით. მეორე-მესამე ადგილები უკრაინელებმა გაინაწილეს, შესაბამისად, ვასილ კოვალჩუკმა 251. 9-ით, და ვიტალი პლაკუშჩიმ - 230.0-ით.