დღეს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებულ გრან პრიში 4 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, მათგან სამი კი საღამოს სესიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ვაჟთა ნაკრების წევრთაგან ტატამზე მხოლოდ თემურ ნოზაძე (60 კგ.) ვიხილეთ, რომელიც ურიგოდ ნამდვილად არ გამოსულა. თემურმა პირველ რაუნდში სენეგალელი მუსა დიოპი დააიპონა, შემდეგ სამხრეთკორეელ ჰიუკ ჩოის ვაზარი აკმარა, მეოთხედფინალში კი ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკკენზისთან.
ამგვარად, ნოზაძე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც თურქ მიჰრაჩ აკუსთან ვაზარი გაუშვა, თუმცა, მეტოქე იპონზე დასცა და ახლა, ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ არიუნბოლდ ეხტაივანს შეერკინება.
ნაყოფიერი დღე ჰქონდათ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებსაც. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) გვინეა-ბისაუელი ტასიანა სესარი და კანადელი ეკატერინა გუიკა დააიპონა, რასაც მეოთხედფინალში იაპონელ ნაცუმი ცუნოდასთან იპონით წაგება მოჰყვა.
შედეგად, ლევიცკა-შუკვანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბელგიელ ამბერ რიჰეულს ვაზარი აართვა, მე-3 ადგილისთვის კი ბელგიელთა კიდევ ერთ წარმომადგენელ შარლინ ვან სნიკს დაუპირისპირდება.
ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს ეთერ ლიპარტელიანსაც (57 კგ.), რომელსაც პირველ წრეში ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული კანადელი კრისტა დეგუში არ გამოუცხადდა. ქართველმა ძიუდოისტმა ამით კარგად ისარგებლა, ბრიტანელ ლელე ნაირნესა (3 შიდო აჰკიდა) და ჩინელ ვენ ჟანგს (იპონი) გასცდა და ნახევარფინალში იპონით თავად წააგო იაპონელ მომო ტამაოკისთან. ბრინჯაოსთვის შერკინებაში ლიპარტელიანის პირისპირ სამხრეთკორეელი ჯანდი კიმი დადგება.
დღესვე, გრან პრიზე ძალები ნატალია ყიფშიძემაც (48 კგ.) სცადა, რომელიც პირველივე წრეში იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან იპონით დამარცხდა.