ჭიდაობა

18:27 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა ნაკრებებმა ვარჯიში შეწყვიტეს

დღეს დილიდან საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა საწვრთნელი პროცესი შეწყვიტეს. მოჭიდავეები ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის მიერ მთავარი მწვრთნელის დანიშვნის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ვარჯიშზე უარს აცხადებენ.

სპორტსმენთა ძირითად მოთხოვნად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

დავით მოძმანაშვილი: “ვარჯიშები იქამდე არ განახლდება, სანამ ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან არ გადადგება. ეს არის ბიჭების, მწვრთნელების და მთელი ჭიდაობის სამყაროს გადაწყვეტილება. ასე იქნება დარბაზი ცარიელი, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება”.

ვახტანგ ბლაგიძე: “მოჭიდავეები წლების განმავლობაში ერთი ოჯახი ვიყავით და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ჩემთვის მიუღებელია ასეთი სიტუაცია. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ერთად უნდა შევიკრათ სიტუაციის გამოსასწორებლად. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დაუშვებელია”.

თავად ლუკა კურტანიძე გადაწყვეტილების შეცვლას და მით უმეტეს პოსტის დატოვებას არ აპირებს. თუ სავარჯიშო პროცესი არ განახლდება, ის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგად ნაკრების ახალი კანდიდატები გამოჩნდებიან და სერთაშორისო ტურნირებში ისინი იასპარეზებენ.

ლუკა კურტანიძე: “ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე უამრავი განმარტება გაკეთდა. თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. ვისაც უნდა საქართველოს სახელის დაცვა, ჩვენ მზად ვართ ეს ადამიანები გავწვრთნათ. ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი და ვინც იქ მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს, ის ჩაერთვება საერთაშორისო ტურნირებში. ჩვენ ულტიმატუმების გარეშე უნდა ვსაუბრობდეთ”.

ლევან ყიფიანი: “აუცილებლად უნდა აღდგეს საწვრთნელი პროცესი. სპორტსმენებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ, ხოლო ფედერაციამ იმ წესდების სრული დაცვით იმოქმედოს, რომელიც მას გააჩნია და არ უნდა გასცდეს სამართლებლივ ნორმებს. დესტრუქციულ ქმედებებს ვერაფრით წავასახალისებთ”.

0.12499