ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები აღმოსავლეთევროპულ ტურნეში გაემგზავრა. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ჯერ უკრაინაში, შემდეგ ლატვიაში, ბოლოს კი ბელარუსში გაივლის შეკრებას.
ამ ვოიაჟის განმავლობაში ჩვენი 16-წლამდელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელთაგან 1 უკვე ითამაშეს. დღეს, კიევში, საქართველოს ნაკრები უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვდრა 2 ქულით – 59:61 დათმო.
მატჩისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე უკრაინელები ლუკა ლიკლიკაძეზე დაჯარიმდნენ, რომელსაც შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, თუმცა ქართველმა უკანახაზელმა ორივე სროლა გააცუდა და შეხვედრა მასპინძელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინა ბოლო პერიოდის წინ 44:46 აგებდა და გამარჯვების მოპოვება დასკვნით წუთებზე მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლუკა ხუციშვილი, ლაშა მესხი, ლუკა ავალიანი, გიორგი მესხი, როლანდ დევიძე, ლუკა ლიკლიკაძე, სანდრო კასაბური, გიორგი მახნიაშვილი, ლუკა კუჭუხიძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი გუგუციძე, ელგუჯა ხვედელიძე, ნუგზარ ბოჭორიშვილი.
საქართველოს ნაკრებში 12 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ელგუჯა ხვედელიძე. 12 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ლუკა ლიკლიკაძეს. საქართველოს ნაკრები უკრაინას კიდევ ერთხელ, 24 ივლისს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ლატვიაში გაემგზავრება და 30 ივლისამდე საწვრთნელ შეკრებას გაივლის. შემდეგ ჩვენები ბელარუსში გადავლენ და ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
საქართველო B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.
უკრაინა – საქართველოსტატისტიკა: 61:59