ჩოგბურთი

15:37 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ქალ ჩოგბურთელთა მიმდინარე კვირის ამბები

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება და ადგილობრივი საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) საწყის წრეშივე ურთულესი მატჩი ელის.

საქმე ის გახლავთ, რომ გორგოძეს წილისყრის დროს არ გაუმართლა და საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს გაეჯიბრება.
ეკო ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს, სადაც მისი პარტნიორი არანჩა რუსი იქნება. ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები ინდოელ პრარტანა ტომბარესა და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს ეთამაშებიან.
ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე “ბალტიკ ოუფენზე” (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა. ქართველ ჩოგბურთელს ტრადიციულად მხოლოდ წყვილთა შეჯიბრში ვიხილავთ.
კალაშნიკოვა და იაპონელი ენა შიბაჰარა მე-4 განთესვით არიან და საწყის წრეში რუმინელ ანა ბოგდანსა და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას დაუპირისპირდებიან.
გერმანულ ჰორბში 25-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს სოფო შაფათავა, სალომე დევიძე ევანსვილის (აშშ) 25-ათასიან შეჯიბრში ჩაერთვება, მარიამ დალაქიშვილს კი, ტუნისურ ტაბარკაში, 15-ათასიან ტურნირზე ვიხილავთ.

0.116154