თავს ზემოთ ძალა არ იყო - ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახური „ორდაბასის“ ბარიერი ვერ დაძლია და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.
რატომ თავს ზემოთ ძალა? „ტორპედო“ ზუსტად ევროტურნირების დაწყების წინ პრაქტიკულად დაიშალა და კახა ჩხეტიანს ახალი გუნდის შენება მოუწია. ბუნებრივია, ფეხბურთში ორი, თუნდაც სამი კვირა გუნდის ასაშენებლად საკმარისი დრო არაა. დიდი ხანია იმერულ გუნდში სერიოზული ფინანსური პრობლემებია და „ორდაბასთან“ თამაში სამწუხაროდ ზუსტად ამ მძიმე ვითარებას დაემთხვა.
თორემ, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ყაზახური გუნდი ეთამაშებოდა ვარსკვლავებს და „ტორპედოს“ ის შემადგენლობა რომ ჰყოლოდა, რომლითაც 2019 წელი დაიწყო, დიდი ალბათობით, „ორდაბასის“ ბარიერს დაძლევდა. თუმცა, აღარ ჰყავს და ახლა ამ საქმეს არაფერი ეშველება.
თავს ზემოთ ძალა არ იყო - ქუთათურებმა ყაზახეთიდანვე მაქსიმუმი გამოადნეს და საპასუხო მატჩის წინ შანსი შეიანრჩუნეს. მეორე მატჩიც აქტიურად დაიწყეს. გრიგოლ დოლიძეს მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავა. ალბათ, ეს იყო „ტორპედოს“ ყველაზე რეალური მომენტი 180 წუთის განმავლობაში და ამის ფონზე, მომდევნო ეტაპზე გასვლაზე საუბარი არც შეიძლება.
და მაინც, კახა ჩხეტიანის გუნდმა უბრძოლველად არაფერი დათმო და პრაქტიკულად ბოლომდე თამაშში იყო. 81-ე წუთამდე „ტორპედო“ ერთი კინკილა გოლით მატჩს დამატებით დროში გადაიყვანდა, მაგრამ ეს გოლი არსაიდან ჩანდა. მეორე ნახევარში თავი დაღლილობამაც იჩინა. ყოველშემთხვევაში, „ორდაბასი“ რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მეტად აქტიურობდა და პრობლემებს უქმნიდა მეტოქეს.
შედეგად, ბოლოსკენ ორჯერ იხეირა. ჯერ ბოსნიელმა მუჰანოვიჩმა როინ კვასხვაძეს მოხდენილად თავზე გადაავლო ბურთი, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ, ბადიბანგამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.
„ორდაბასი“ შემდეგ ეტაპზეა, ხოლო „ტორპედოს“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე მოუწევს ფიქრი და არა მარტო მასზე - გუნდის შემადგენლობა ცალსახად გასაძლიერებელია...
„ტორპედო“ – „ორდაბასი“ 0:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:3 VIDEO
თბილისი, „მიხეილ მესხი“
„ტორპედო“ (3-4-3): კვასხვაძე; ჭიჭინაძე, ხურცილავა, ნადარაია; ტაბატაძე (იონანიძე 80), ცინცაძე, ფონიავა, ნებიერიძე; დოლიძე (ციცქიშვილი 59), კაპანაძე (ჩოგაძე 61), კობახიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
„ორდაბასი“ (5-3-2): ნეპოგოდოვი; ბისტროვი, ერლანოვი, ფონტანელო, მალი, დოსმაგამბეტოვი; კოვალჩუკი (მეჰანოვიჩი 72), დიაკატე, მაჰლანგუ; შჩეტკინი (ბადიბანგა 61), ჟოაო პაულო (შამში 86)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გოლები: 0:1 მეჰანოვიჩი (81), 0:2 ბადიბანგა (90)
გაფრთხილება: ცინცაძე (22), ციცქიშვილი (62), ჩოგაძე (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 13 (7) კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 0:5
მსაჯი: არისტოტელის დიამანტოპულოსი (საბერძნეთი)