კლუბი "შევარდენი 2005" ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონი კლუბის წევრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვა, რომელიც თავადაც ამ კლუბის აღზრდილია. ამ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისური კლუბი, რომელმაც ეს შეჯიბრი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ამ ჩემპიონატის დაარსებიდან მისი უცვლელი გამარჯვებულია. "შევარდენი 2005"-მა, შარშანდელის მსგავსად, ფინალში გორის "ვიპ ძიუდო" დაამარცხა. მესამე ადგილები დაიკავეს თბილისის კლუბებმა "ჯორჯიამ“ და "მებრძოლი 2015“-მა, რომლებმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შესაბამისად მოუგეს მცხეთის "ვარსკვლავი 2024“-ს და გურჯაანის „გლადიატორს“.
მეშვიდე ადგილებზე კი კლუბები „ახმეტა“ და საგარეჯოს „არსენა“ გავიდნენ. ამ რვა კლუბმა "ოქროს ლიგაში“ ასპარეზობის უფლება მარტში გამართულ შესარჩევ ტურნირში მოიპოვა. ოქროს ლიგის საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარი იყო, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა: I ადგილი - 50 ათასი, II ადგილი - 40 ათასი, III ადგილები - 30 ათასი, V ადგილები - 20 ათასი, VII ადგილები - 10 ათასი.