ერთი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე სოციალური მედია დიდი პოპულარობით მოიარა იაპონიის ნაკრების გასახდელმა, როდესაც აზიელებმა ბელგიასთან (2:3) მარცხის შემდეგ გასახდელი საკუთარი ხელით დაალაგეს და ამის შემდეგ დატოვეს სტადიონი.
ახლა კი ლუქსემბურგული „ფოლა ეში“, რომელიც „დინამო არენას“ სტუმრობდა, გამოირჩა სამაგალითო საქციელით. როგორც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ჯიშკარიანი წერს, ლუქსემბურგელებმა „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ (1:2) გასახდელი დაალაგეს და „დინამო არენა“ მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს.
აქვე გეტყვით, რომ ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ორივე გუნდი, მსაჯები და უეფას წარმომადგენლები სტადიონზე აღარ იმყოფებოდნენ, ხოლო „დინამო არენას“ მომსახურე პერსონალი სტადიონს კეტავდა.
„კი შეგიჭამეთ ტვინი 30 წელი ფეხბურთში ყოფნის ძახილით, მაგრამ.. ამ 30 წელში ძალიან ბევრი გუნდის გასახელი მინახავს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის ნაკრებების, ყველას არ ჩამოვთვლი, "ბარსელონასი", "სევილიასი" "დინამო თბილისის", სხვა ჩვენი გუნდების... ბუნებრივია, "დინამო არენის" გასახდელები მაქვს მხედველობაში. დღეს, საერთოდ არ ვაპირებდი "ფოლა ეშ"-ის გასახდელში შესვლას. უბრალოდ როცა "დინამო არენის" თანამშრომლებმა დამიძახეს, მოდი ნახე რა ხდებაო, გამომდინარე იქიდან რომ მწვრთნელმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ბევრი "იბუინა", მეორე გოლის შემდეგ კიდევ გუნდის მეკარე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინა ("ფოტოგრაფების" ზოლს), მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა. ჰოდა დავრჩი ფრიად გაკვირვებული, როცა ასე გაწიკწიკებული გასახდელი დამხვდა. მერე დაცვის ბიჭებმა თქვეს, ცელოფნებით თავისი ნაგავი, თავად გაიტანესო... ლუქსემბურგი ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს...“, - წერს სოციალურ ქსელში ჩვენი კოლეგა თამარ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, „ჩიხურამ“ „ფოლა ეში“ ორი მატჩის ჯამში (4:2) დაამარცხა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ფინური „როვანიემისა“ და შოტლანდიური „აბერდინის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.