ფეხბურთი

22:56 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "სუსტი წერტილები გვაქვს, მაგრამ ვერ ვაძლიერებთ"

საჩხერის „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის განცხადებით, მისი გუნდის თამაშს ყოველთვის ობიექტურად აფასებს და იმ თამაშით, რომელიც „ფოლა ეშთან“ „ჩიხურამ“ აჩვენა, მაღალი დონის გუნდთან დამარცხდებოდა.

ქართველი სპეციალისტი გუნდის შესაძლო გაძლიერების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამის სურვილი არსებობს, მაგრამ რესურსი - არა.

„დღეს მეტოქე პირველ ნომრად ვერ გვეთამაშებოდა, მაგრამ რესურსი არ გააჩნდა. ყოველთვის ცდილობდა, როდესაც მარცხდებოდა მაშინაც კი, რომ კონტრშეტევებს დალოდებოდა და ასე შეექმნა ხიფათი ჩვენს კართან. კარგია, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით და საქართველოს რეიტინგში ქულები მოვუტანეთ, თუმცა ფაქტია, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო მეტი კონცენტრაცია და თავდადება დაგვჭრიდება, რომ ტოლ-სწორად ვითამაშოთ. აქვე, მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც ამ ეტაპისთვის საჭირო იყო.

ცხადია, ჩვენს გუნდს აქვს რამდენიმე სუსტი წერტილი, მაგრამ ვერ ვაძლიერებთ, რადგან რესურსი არ გვაქვს. დასამალი არაა, რომ დიდი ფინანსები არ გაგვაჩნია, რომ მოვიზიდოთ ფეხბურთელები, რომლებიც ევროპა ლიგაზე გამოგვადგებია. თანხები რომც მოვიძიოთ, არ სურთ ჩვენთან თამაში, თითქოს გვამადლიან, ვგულისხმობ ლეგიონერებს და ამიტომ, გვირჩევნია ისევ ქართველებმა ითამაშონ. რაც შეეხება ქართველებს, გვინდოდა ორი ფეხბურთელის დამატება, მაგრამ მათაც არ ისურვეს ჩვენთან თამაში.

მომდევნო მეტოქის თამაში არ მინახავს, რადგან პირველ ეტაპზე ვიყავი კონცენტრირებული. არაა გამორიცხული ფინეთში გავფრინდე, თუ ფრენები იქნება, თუნდაც თურქეთიდან, რადგან ჰელსინკიდან დიდი მანძილითაა დაშორებული ქალაქი, სადაც ხვალ თამაში გაიმართება. თუ არ გამოვიდა, ჩვეულებრივ მოვიძებთ ინფორმაციას და ეს პრობლემა არაა.

მე ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ ჩემ თავს და ჩემს გუნდს. დღეს რაც ვითამაშეთ და იმ შეცდომებს, რომელიც დაცვაში გვქონდა, უფრო მაღალი დონის გუნდი არ გვაპატიებდა. თუმცა შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში ბრძოლა ყველასთან შეიძლება, რადგან ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“, - აღნიშნა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული „ფოლა ეში“ ორი მატჩის ჯამში 4:2 (2:1, 2:1) დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. მეტოქე ხვალ ფინური „როვანიემისა“ და შოტლანდიური „აბერდინის“ წყვილში გაირკვევა.

0.13834