ფეხბურთი

17:46 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია ჰოლანდიის ერედივიზიონში ითამაშებს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ენსხედეს „ტვენტეში“ ითამაშებს. აღნიშნული ცნობა ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

აბურჯანია „ტვენტეში“ 2021 წლის 30 ივნისამდე ორწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ენსხედელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიელთა რიგებში 21-ნომრიანი მაისურით გაირჯება.

„ეს რთული არჩევანი არ ყოფილა, ნამდვილად მინდოდა „ტვენტეში“ გადმოსვლა, რომელიც დიდი გუნდია, შესანიშნავი ისტორია და ულამაზესი სტადიონი აქვს. ვიცი, რომ აქ აიტორი თამაშობს, რომელიც „სევილიადან“ ჩემი მეგობარია და „ტვენტეს“ შესახებ ბევრი რამ მითხრა“, - თქვა აბურჯანიამ.

გიორგის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა, რომელიც ქართველს ჯერ კიდევ ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ იცნობს:

„გიორგი აბურჯანია დიდი ხანია „ტვენტეს“ ინტერესის სფეროში იყო. „აბუს“ ჩვენთან თამაში ნამდვილად სურდა, თუმცა „სევილიელთა“ დათანხმება ადვილი არ ყოფილა. „სევილიას“ სპორტული დირექტორის, მონჩის წყალობით შეთანხმება შედგა და როგორც იქნა, აბურჯანია ჩვენი ფეხბურთელია“, - აღნიშნა ვან ლეუვენმა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ საფეხბურთი კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, მერე კი გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივშიც“ ითამაშა. 2014-2016 წლებში ჩვენებური „ანორთოსისში“ ირჯებოდა, ხოლო 2015-2016 წლების სეზონის მეორე ნახევარში ტარაგონას „ხიმნასტიკში“ შესანიშნავი 6 თვე გაატარა.

შედეგად, აბურჯანია „სევილიაში“ აღმოჩნდა, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია და მხოლოდ მეორე გუნდში ეძლეოდა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა. გასული სეზონი კი იჯარით „ლუგოში“ დაჰყო და 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში 24 წლის ნახევარმცველს 10-ჯერ უთამაშია.

რაც შეეხება „ტვენტეს“, ერთ დროს ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდებს სერიოზულ კონკურენციას უწევდა და 2009-2010 წლების სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, ამის შემდეგ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა, რაც ქვედა ლიგაში დაქვეითებით დასრულდა. თუმცა, ენსხედელებმა ელიტაში დაბრუნება ახლახან მოახერხეს და კარს მომდგარი სეზონიდან ისევ ერედივიზიონში ითამაშებენ.

ცნობისთვის, „ტვენტესთვის“ ქართველი ფეხბურთელი უცხო სულაც არაა. 2003-2006 წლებში ენსხედელთა ღირსებას გოგა გახოკიძე იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144878