ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალს“ თავის ყოფილ ფეხბურთელ გარეთ ბეილში 60 მილიონი ევრო შესთავაზა - გვამცნობს ესპანური Marca. გამოცემის მტკიცებით, შეძენის შემთხვევაში, ჩრდილოლონდონური კლუბი მზადაა 29 წლის ფეხბურთელის ხელფასის მხოლოდ ნახევარი გადაიხადოს, მეორე ნახევარი კი - წელიწადში 8,5 მილიონი, „სამეფო კლუბის“ გადასახდელი იქნება.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს უელსელ ვარსკვლავს მადრიდში ვერ მისდის საქმეები კარგად. „რეალიც“ მას სიამოვნებით გაყიდდა, მაგრამ საქმეს ბეილის ძალიან მაღალი ხელფასი აფერხებს.
ბეილი „ტოტენჰემში“ 2007-13 წლებში თამაშობდა. „დეზებმა“ ის „საუთჰემპტონიდან“ 5 მილიონად იყიდეს. 2013 წლის ზაფხულში კი უელსელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, იმ დროისთვის, ცხადია. „რეალმა“ მასში მაშინ 100 მილიონი ევრო გადაიხადა.