ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას ენსხედეს „ტვენტეში“ გააგრძელებს. როგორც ჰოლანდიური გამოცემა Tubantia იტყობინება, მხარეები შეთანხმდნენ და აბურჯანია ჰოლანდიაში „სევილიადან“ ორწლიანი იჯარით გადაბარგდება.
ტრანსფერში დიდი როლი მიუძღვის „ტვენტეს“ ტექნიკურ დირექტორ ტედ ვან ლევუენს, რომელიც „ანორთოსისში“ ზუსტად იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც იქ გიორგი თამაშობდა. შესაბამისად, ერთმანეთს კარგად იცნობენ.
ჯერჯერობით, ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურებულა, მაგრამ როგორც წყარო წერს, ეს მხოლოდ დროის საკითხი და სულ მალე ყველაფერი დადასტურდება. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ვებგვერდი Transfermarkt-ი აბურჯანიას უკვე „ტვენტეს“ ფეხბურთელად მოიხსენიებს და იშვიათად, რომ შეცდომა გაეპაროთ ხსენებულ საიტზე.
შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „სევილიას“ საკუთრებაში 2016 წლიდანაა და მეორე გუნდში თამაშობდა. გასული სეზონი კი იჯარით ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ლუგოში“ გაატარა.
„ტვენტე“ ტრადიციული ჰოლანდიური გუნდია, რომელიც 2010 წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ შემდეგ ფინანსური კრიზისის გამო ქვედა ლიგაში გავარდა. ენსხედელებმა ერედივიზიონის საგზური მოიპოვეს და მოახლოებულ სეზონს ელიტაში გაატარებენ. „ტვენტეში“ თავის დროზე გოგა გახოკიძე თამაშობდა.