სხვა

15:33 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ნიჩბოსანთა ოქრო და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში დასრულდა იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 მედალი მოიპოვეს.

23-წლამდელთა 200 მეტრზე კაიაკით შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი დაისაკუთრა ბადრი ყაველაშვილმა.
საინტერესოა, რომ ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო გაცურვაშიც (35.328 წამი) პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში ავტომატურად მოხვდა.
მართალია, გადამწყვეტ რაუნდში ყაველაშვილმა უფრო ცუდი შედეგი (36.702 წამი) დააფიქსირა, თუმცა, პირველ ადგილზე გასასვლელად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
ვერცხლის მედალი სერბმა სტრანია სტეფანოვიჩმა (36.800) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი უკრაინელ დმიტრო დანილენკოს (37.125) ერგო.

ასევე 23-წლამდელებში კანოეთი 500 მეტრზე შეჯიბრში მე-3 პოზიციაზე გავიდა მარიამ ქერდიკაშვილი. მან შესარჩევ რაუნდში დისტანცია 02:17.464 წუთში დაფარა და თავის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
მარიამს მხოლოდ უკრაინელმა ანასტასია ჩეტვერიკოვამ აჯობა, რომელმაც ფინალშიც იყოჩაღა და 2:06.209 წამით ოქროს მედალი არავის დაუთმო.
მე-2 საფეხური სლოვაკმა გაბრიელა ლადიკოვამ (2:10,006) დაიკავა, ქერდიკაშვილის დრო კი 2:11.470 წამი იყო.
23-წლამდელთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლით მე-8 ადგილი დაიკავა.

0.13362