ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში, ალჟირის ნაკრებმა ნიგერიის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. შეხვედრა კაიროს საერთაშორისო სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა. ნიგერიელთა მცველმა, ვილიამ ტროსტ-ეკონგმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. 72-ზე, თანაგუნდელის შეცდომა ოდიონ იგალომ გამოასწორა და საპასუხო გოლი გაიტანა. უკვე მე-5 დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა „მანჩესტერ სიტის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თავისი ქვეყნის ნაკრები ფინალში გაიყვანა.
ალჟირელები ამ ტურნირის ისტორიაში ფინალში მესამედ გავიდნენ. პირველად ეს 1980 წელს მოხდა. მაშინ ჩრდილოაფრიკელები ნიგერიასთან დამარცხდნენ (0:3). ათი წლის შემდეგ კი, გადამწყვეტ მატჩში, იმავე ნიგერიას მოუგეს (1:0) და ისტორიაში პირველად გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.
19 ივლისს, ფინალში, ალჟირელები სენეგალის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ერთი დღით ადრე კი, მესამე ადგილისთვის მატჩში, ტუნისი ნიგერიას გაეჯიბრება.