ძიუდო

16:50 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრან პრის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის 2 ქართველი ძიუდოისტი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) იბრძოლებს.

ღვინიაშვილმა საწყის რაუნდებში უზბეკ იახიო იმამოვსა და იტალიელ მატეო მარკონჩინის იპონებით აჯობა, უკრაინელ ვადიმ სინიავსკის ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან იპონზე დაეცა.
ამგვარად, ბექა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი დააიპონა, ბრინჯაოსთვის კი ყაზახ ისლამ ბოზბაიევს შეერკინება.
ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პოლონელ პიოტრ კუჩერასა და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს იპონებით აჯობა, მერვედფინალში კი, მომავალ ფინალისტ, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან შეხვედრის ბოლო წამზე იპონზე დავარდა.
ზაალიშვილმა შეჯიბრი იტალიელ ვინჩენცო დ’არკოსთან აღებული ვაზარით გახსნა, რუს სოსლან ბოსტანოვსა და სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონებით აჯობა, ნახევარფინალში კი იპონითვე იაპონელ კოკორო კაგუერასთან დამარცხდა.
შესაბამისად, ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო და საღამოს სესიაში უზბეკ ბეკუმორდ ოლტიბოევს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მე-2 წრეში ონისე ბუღაძე დააიპონა, რომელმაც მანამდე ასევე იპონით დომინიკელ ხოსე ნოვა ალკანტარას მოუგო.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გიორგი ბერიაშვილი იცავდა, რომელმაც ავსტრიელ აარონ ფარას 3 შიდო აჰკიდა, შემდეგ კი, ესტონელ გრიგორი მინასკინთან იპონით დამარცხდა.
ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

0.060825