ძიუდო

17:12 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი სტარტი ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ გრან პრიში, დღეს, 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, თუმცა, საღამოს სესიამდე მისვლა ვერცერთმა მოახერხა.

კვარცხლბეკთან ყველაზე ახლოს ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) იყო, რომელმაც საწყის რაუნდებში რუს ალესია კუზნეცოვასა და პოლონელ კაროლინა პიენკოვსკას იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი, სახელოვან კოსოვოელ მაილინდა კელმენდისთან (ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი) დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ამგვარად, ლევიცკა-შუკვანს რეპეშაჟში გადართვის საშუალება მიეცა და იქ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონს, რუმინელ ანდრეა ჩიტუს ვაზარით უგებდა, თუმცა, ბრძოლის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე, იპონზე დაეცა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მალევე დაასრულეს ასპარეზობა თემურ ნოზაძემა და ჯაბა პაპინაშვილმა. ნოზაძემ პორტუგალიელი გონსალო მანსიონიო დააიპონა, შემდეგ კი, იმავე ილეთით უზბეკ კემრან ნურილაევთან დამარცხდა. პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძოლა ვაზარით დათმო ბრაზილიელ იტალო კარვალიოსთან.
შეგახსენებთ, რომ ხვალ და ზედ ბუდაპეშტის ტატამზე კიდე ექვს ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
81 კგ-ში საქართველოს ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს, რომელიც მე-2 რაუნდში ძალებს ესპანელ იგორ ერერო ზაპირანთან მოსინჯავს.
2 წარმომადგენელი გვეყოლება 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ავთანდილ ჭრიკიშვილი პოლონელ პიოტრ კუჩერას გაეჯიბრება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ძალებს უზბეკ იახიო იმამოვთან მოსინჯავს.
100 კგ-ში გიორგი ბერიაშვილი ავსტრიელ აარონ ფარას დაუპირისპირდება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) გელა ზაალიშვილი იტალიელი ვინჩენცო დ’არკოს პირისპირ დადგება, ონისე ბუღაძე კი დომინიკელ ხოსე ნოვა ალკანატარას შეერკინება.

0.111138