ქართველმა სუმოისტი ლევან გორგაძე ტრავმებმა ძალიან შეაწუხა და მან ნაგოია ბაშოზე ასპარეზობა დაასრულა. ტოჩინოშინმა მიმდინარე სუპერტურნირზე 5-დან 5 ბრძოლა წააგო და ზაფხულის მეოთხე სუპერტურნირს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.
NHK-ს ინფორმაციით, ქართველმა ოძეკიმ ასპარეზობის შეწყვეტის თაობაზე იაპონიის სუმოს ასოციაციას მიმართა. ტოჩი კადობანში ჩადგება და მას ოძეკის ტიტულის დაცვა სექტემბრის ბაშოზე მოუწევს, სადაც 15-დან 8 შეხვედრა გამარჯვებით უნდა დაასრულოს.
„მარჯვენა მუხლზე სერიოზული პრობლემები მაქვს. ვარჯიშის დროს დიდ ტკივილს ვგრძნობდი, რის გამოც არ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება. ჩემი ძალის ნახევარსაც ვერ ვავლენ. ეს დიდი იმედგაცრუებაა“, - განაცხადა ტოჩინოშინმა NHK-სთან ინტერვიუში.
31 წლის სეკიტორმა და მისმა მწვრთნელმა ოიაკატა კასუგანომ ერთობლივი გადაწყვეტილება დღეს დილის ვარჯიშის შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ბაშოს სტარტამდე 6 დღით ადრე, ტოჩინოშინმა მარცხენა მხრის ტრავმა მიიღო, თუმცა, უმთავრესი მიზეზი სხვა გახლდათ. ლევანს ჯერაც აწუხებდა ტკივილები მარჯვენა მუხლში. ჩვეენბურს სახსარში სითხე ჩაუდგა, რაც მას დოჰიოზე სრული დატვირთვით გარჯას უშლიდა.
შედეგად, დღეს, გორგაძის მოწინააღმდეგე – აღმოსავლეთის პირველ კომუსუბი აბის გამარჯვება უბრძოლველად ერგო.
როგორც ცნობილია, ტოჩინოშინი საზაფხულო ბაშოს დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით შეხვდა, მომდევნო შეჯიბრისთვის კი კვლავ კადობანში იქნება ჩაყენებული. თუკი სექტემბრში დაგეგმილ აკი ბაშოზე ის მინიმალურ კაჩი-კოშის (8 მოგება, 7 მარცხი) ვერ დააფიქსირებს, პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება.
ამასობაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში “იმპერატორის თასისთვის” მებრძოლი 2 სეკიტორის ვინაობა გამოიკვეთაა და გასაკვირი არაა, რომ ისინი მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ არიან, რიგითმა მაეგაშირებმა ტომოკაძემა და ტერუცუოშიმ კი პირველად წააგეს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ცუდად მისდის საქმეები გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც ერთადერთი მოგების წილ უკვე 5 მარცხი მოუგროვდა.
დღეს, დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-3 რეიტინგოსან ჩიიოშომასთან უვატედაშინაგეთი წააგო, ხვალ კი, კიოკუშუჰოს (აღმოსავლეთის მე-5 ნომერი) გაეჯიბრება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (11 მოგება, 11 წაგება) გააჩნია.