წუხელ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ, „ლივერპულმა“ ახალი სეზონის პირველი მატჩი გამართა. ამხანაგურ შეხვედრაში „ტრანმირს“ (ლიგა ერთის, ანუ რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელი) 6:0 მოუგო და მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კმაყოფილი დატოვა.
კლოპმა პირველ და მეორე ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობები ათამაშა.
პირველი ტაიმი: მინოლე, კლაინი, ფილიპსი, გომესი, ლარუჩი, მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ლალანა, კენტი, უილსონი, ბრიუსტერი.
მეორე ტაიმი: იაროში, ჰოევერი, მატიპი, ჯონსტონი, ლუისი, ფაბინიო, ჯონსი, ვუდბორნი, დანკანი, გლატცელი, ორიჯი.
„წითლებს“ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ. მეკარე ალისონს და ბობი ფირმინოს რამდენიმე დღის წინათ დაუმთავრდათ ტრიუმფალური კოპა ამერიკა. აფრიკის ერთა თასზე თამაშობს სენეგალელი სადიო მანე, რომლის ნაკრები წარმატებით ასპარეზობს და 14 ივლისს, ტურნირის ნახევარფინალში ტუნისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
გვინეელი ნაბი კეიტაც მონაწილეობდა აფრიკის თასზე, მაგრამ კუნთი დაეჭიმა და თამაში ვეღარ გააგრძელა. იმედოვნებენ, რომ პრემიერლიგის დასაწყისისთვის მწყობრში იქნება.
ნაადრევად დაემშვიდობა აფრიკის თასს მასპინძელი ეგვიპტის ნაკრები და მასთან ერთად მოჰამედ სალაჰიც. თუმცა ლივერპულელთა ბანაკში ჯერჯერობით არც ის გამოჩენილა.
მინდორზე არ იყო ახალშენაძენი, ჰოლანდიელი სეპ ვან დენ ბერგიც. 17 წლის მცველი ჯერაც ფიფას დასტურს ელოდება და თამაშის უფლება არ აქვს.
პირველი გოლი ლივერპულში დაბრუნებულმა ნათანიელ კლაინმა გაიტანა (გასული სეზონი მან „ბორნმუთში“ გაატარა იჯარის წესით).
დუბლით გამოირჩა ჭაბუკი რიან ბრუსტერი. „თავისი“ გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგის ფინალის ერთ-ერთმა გმირმა, დივოკ ორიჯიმ, რომელმაც ორიოდ დღის წინათ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა მერსისაიდელებთან. ერთი კერტის ჯონსმა გაიტანა. წერტილი კი 17 წლის ბობი დანკანმა დასვა, რომელიც ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილია.
ჩემპიონატის დაწყებამდე „ლივერპული“ კიდევ 6 ტესტ-მატჩს გამართავს.