ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, რთულ თამაშს ელოდა და ასეც იყო.
ცხადაძემ შეაქო მისი კოლეგა კახა ჩხეტიანი და თქვა, რომ „ტორპედოს“ ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს.
„ვფიქრობ, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ: მთავარი იყო კარი მშრალად შეგვენახა და გამარჯვება ისე მოგვეპოვებინა. ეს შევძელით. „ტორპედოს“ ძალიან ჭკვიანი და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ბევრი ადვილ თამაშს ელოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. თუ სტატისტიკას შევხედავთ კარში ბევრჯერ დავარტყით და ბევრი კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ.
ბიჭებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს. ვფიქრობ, შეცვლები სწორად გავაკეთეთ. მარჯვენა მცველი გავიყვანეთ და ბადიბანგა შემოვიყვანეთ, რომელმაც თამაში გაამწვავა და ინდივიდუალურად დაგვეხმარა. ცხადია, სამწუხაროა, რომ უფრო მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. ახლა საპასუხო თამაშზე არ ვფიქრობთ, რადგან მანამდე „ტობოლთან“ ჩემპიონატში მთავარი თამაში გველოდება“, - აღნიშნა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, „ტორპედოსა“ და “ორდაბასის“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში გაიმართება.