არგენტინის ეროვნული ნაკრების და რომის "ლაციოს" ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალის" მხრიდან დაინტერესება დაადასტურა.
"მართალია, ზაფხულში მადრიდელებთან კონტაქტი იყო, თუმცა სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში და ჩემი გადასვლაც ესპანურ გრანდში ჩაიშალა. ამჟამად "ლაციოში" თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მინდა გავიზარდო და ვიმედოვნებ, მსგავსი შანსი კვლავ მომეცემა." - განაცხადა ბილიამ.
ლუკას ბილია მადრიდულ გრანდში, ქრისტოფერ კრამერთან ერთად, სამი ხედირას შემცვლელად მოიაზრება. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა საკლუბო დონეზე 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ბილიამ "ლაციოს" მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი "ალბისელესტეს" რიგებში ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.