მოსკოვის ცსკა-მ, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება, ახალი სეზონის წინ ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. არმიელთა დარბაზში გულშემატკივრები მრავლად შეიკრიბნენ და კალათბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
რუსი ქომაგების მხრიდან გასაკვირი არ ყოფილა, რომ მარკოიშვილს იმაზე დაეკითხნენ, მოსკოვში საუკეთესო ქართული სამზარეულოს სად უნდა ეძებონ. მანუჩარმა ხუმრობით უპასუხა, რომ საუკეთესო კერძებს შლაგბაუმს მიღმა, ცსკა-ს უნივერსალური სპორტული კომპლექსის მე-2 მხარეს ამზადებენო. შეხვედრის შემდეგ ქართველმა მცველმა ავტოგრაფებიც მრავლად დაარიგა და ფანებს შეპირდა, რომ ის და მისი თანაგუნდელები წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ.
შეგახსენებთ, რომ მომავალ უქმეებზე მოსკოვური კლუბი ალეკსანდრ გომელსკის სახელობის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. 4 ოქტომბერს ნახევარფინალებში ცსკა-“ლიეტუვოს რიტასი” და “პანათინაიკოსი”-“ნიჟნი ნოვგოროდი” ითამაშებენ, 5-ში კი მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი ჩატარდება.
ახალი სეზონის წინ, ეს მოსკოველთა ბოლო საკონტროლო მატჩები იქნება. უკვე 8 ოქტომბერს, ცსკა ვთბ-ლიგის ეგიდით ფინურ “ნილან ბიზონსს” უმასპინძლებს, ხოლო ევროლიგაში პირველი მატჩი 17 ოქტომბერს გერმანიაში “ალბასთან” ელის.