ჩოგბურთი

13:23 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა საამკვირაო ამბები

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფრანგულ კონტრექსვილში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია.

კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში შვეიცარიელ პაულინ ვუარინს 6:0, 6:3 სძლია, გადამწყვეტ ეტაპზე კი მე-11 რეიტინგის მქონე ფრანგ ლუდმილა ბენშეიხს აჯობა – 6:2, 6:4.
თუ ვინ იქნება ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე, მოგვიანებით ირკვევა.
წყვილებში შაფათავასა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითის დუეტი მე-3 განთესვით პირდაპირ მეოთხედფინალში ჩაებმება.
ცნობისთვის, წყვილთა შეჯიბრში პირველი რეიტინგი ქართველ ოქსანა კალაშნიკოვასა და ესპანელ ხეორხინა გარსია-პერეზს გააჩნიათ და ისინიც მეოთხედფინალში არიან დაშვებულნი.
ტუნისურ ტაბარკაში რჩება ზოზია ქარდავა, რომელი მორიგი 15-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანა სისკოვას გაეჯიბრება.
სერბულ პროკოპიეში, ასევე 15-ათასიან შეჯიბრზე, რუს ანგელინა ჟურავლიოვას ეთამაშება მარიამ დალაქიშვილი.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი სერბ ტამარა მალეშევიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და ბოსნიელ ნეფისა ბერბეროვიჩსა და სლოვენიელ ვერონიკა ერავეჩს დაუპირისპირდება.
გერმანიის ქალაქ მარბურგში იმყოფება ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც 15-ათასიან ტურნირზე ჩეხ რობინ სტანეკს გაეჯიბრება. წყვილებში მეტრეველი და თურქი ტუნა ალტუნა ჰოლანდიელების – იესპერ დე იონგისა და რიან ნიიბოერის დამარცხებას ეცდებიან.

0.122621