საფრანგეთში დასრულდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი. ფინალში, ლიონში, აშშ-ის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ გახდა პლანეტაზე უძლიერესი.
ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა. ამერიკელთა სკანდალურმა ვიცე-კაპიტანმა, მეგან რაპინომ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი. რაპინო ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც ქალთა მსოფლიო თასის ფინალში გაუტანია. ის 34 წლის გახლავთ. რაპინო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და მეგოლეც გახდა. მან 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამდენივე გაიტანეს მისმა თანაგუნდელმა ალექს მორგანმა და ინგლისელმა ელენ უაითმა. მაგრამ რაპინომ ნაკლები მატჩი ჩაატარა და პირველობაც ამად მიაკუთვნეს.
ეს რაპინო ერთობ საინტერესო ადამიანია. ლესბოსელი, ბუნტარი, ლგბტ თემის აქტიური დამცველი. თავიდანვე თქვა: თუ ჩემპიონები გავხდებით, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან საზეიმო შეხვედრაზე არ მივალო.
საჯაროდ აკრიტიკებს თავისი ქვეყნის პრეზიდენტს - ამერიკულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავსო. იისფერი თმა აქვს და ფინალისწინა პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, უსამართლობაა კაც ფეხბურთელებს გაცილებით დიდი ფულს რომ უხდიან, ვიდრე ქალებსო.
მაგრამ დავუბრუბდეთ ფინალს. 69-ე წუთზე როუზ ლაველმა მეორე გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამრიგად, ამერიკელებმა ტიტულიც შეინარჩუნეს (2015 წელს მათ კანადაში ჩატარებულ მუნდიალზეც იმარჯვეს) და სარეკორდო - მეოთხე ჩემპიონობაც მოიპოვეს. მათი კიდევ ერთი რეკორდი ის არის, რომ ტუირნირზე 26 ბურთი გაიტანეს. აქამდე, ამდენი ამ შეჯიბრიში არავის გაუტანია.