ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველი სანდო კობახიძე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 11 და 14 ოქტომბერს, შესაბამისად შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრებში ტრავმის მიზეზით ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ეროვნული გუნდის პრეს-სპიკერმა ოთარ გიორგაძემ აცნობა.
მან ისიც განგვიმარტა თუ რატომ ვერ გაემგზავრება რიგის “სკონტოს” მცველი ლაშა დვალი შოტლანდიაში შეკრებაზე. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლატვიაში დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ გააკეთა. არადა, დვალი ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მათ ნაცვლად დანიის “ოდენსეს” თავდამსხმელ ლადო დავალიშვილს და კვიპროსული “ოთელოსის” ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს უხმო.