მაურო იკარდი და რაჯა ნაინგოლანი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მილანის „ინტერს“ დატოვებენ. „ნერაძურის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჯუზეპე მაროტას განცხადებით, ბელგიელი და არგენტინელი „ინტერის“ გეგმაში არ ჯდებიან.
როგორც ჩანს, ანტონიო კონტე გუნდის გასუფთავებას უდისციპლინო ფეხბურთელებისგან აპირებს. ნაინგოლანი და იკარდი აქამდე არაერთხელ შემაჩნიეს დისციპლინის დარღვევაში.
„იკარდი და ნაინგოლანი ჩვენი პროექტის ნაწილი არ არიან. მათთან უკვე ვისაუბრეთ და ურთიერთობაში პატივისცემა არსებობს. ისინი კარგი ფეხბურთელები, ნიჭიერი არიან, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
მიუხედავად ამისა, იკარდი წინასასეზონო შეკრებას ჩვენთან გაივლის, რადგან ხელშეკრულებას პატივი უნდა სცეს. შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო პერიოდში“, - თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ რაჯა ნაინგოლანი „ინტერმა“ ერთი წლის წინ „რომადან“ დაიმატა და ბელგიელმა 36 თამაშში 7 გოლი გაიტანა. რაც შეეხება იკარდის, „ნერაძურის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 219 მატჩში 124 გოლი აქვს გატანილი.
არგენტინელი ფორვარდის მომავალს ყველაზე აქტიურად ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, ხოლო ნაინგოლანის ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია. მილანელები არტურო ვიდალში გაცვლას ლამობდნენ, მაგრამ „ბარსელონამ“ ეს წინადადება უარყო.