საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” შემტევი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის მენეჯერმა მამე ამიროვმა განაცხადა, რომ თავის დროზე, ლუჩანო სპალეტის მისი კლიენტის სანკტ პეტერბურგის “ზენიტში” გადაყვანა სურდა.
“რამდენიმე წლის წინ, მას “ზენიტში” მოხვედრის შანსი ჰქონდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის მისი აყვანა სურდა. თუმცა, “ზენიტი” “გაზპრომს” ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბევრმა ხალხმა უნდა მიიღოს. ეს სიტუაცია სრულებით განსხვავებულია “შახტარში” არსებულისგან, სადაც საკითხებს მხოლოდ ერთი კაცი რინატ ახმეტოვი წყვეტს”- იუწყება ამიროვის სიტყვებს ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.
ამიროვის თქმით, “გენკმა” მადლობა უნდა უთხრას “შახტარის” მთავარ მწვრთნელს რუმინელ მირჩა ლუჩესკუს, რომელმაც ოქრიაშვილი გუნდში არ დატოვა:
“ლუჩესკუ “ოქრის” არ იცნობს. მას ამ ტრანსფერთან შეხება არ ჰქონია. ეს “გენკისთვის” კარგია, რადგან “ოქრის” ჩემპიონთა ლიგაში ერთი წუთიც რომ ეთამაშა, “გენკი” მის ფასს ვერ შეწვდებოდა”.