კოპა ამერიკის ნახევარფინალში წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მთავარი მსაჯი როდი ზამბრანო გააკრიტიკა.
მესის განცხადებით, ეკვადორელი იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებდა და მხოლოდ ბრაზილიელთა სასარგებლოდ მსაჯობდა.
„სიმართლე ისაა, რომ გაბრაზებული ვართ, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი უარყოფითია. თამაშამდე ვესაუბრე მსაჯს და მითხრა, რომ პატივსცემდა ორივე გუნდს, მაგრამ ეს თამაშის დროს ვერ დავინახე. ჩვენ მხოლოდ იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომ კონმებოლო მოახერხებს რაღაცის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ამ ორგანიზაციაში დიდი ძალაა.
ბრაზილიელებს ჩვენზე უკეთ არ უთამაშიათ. სწრაფი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე გოლი აგუეროზე თამაშის წესის დარღვევის შემდეგ გაგვიტანეს. არადა, ჩვენთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო. მსაჯები ამ ტურნირზე მუდმივად VAR-ს მიმართვდნენ, მაგრამ დღეს არც კი გამოუყენებიათ. მსაჯის ყველა გადაწყვეტილება იყო იდიოტური და ბრაზილიელების სასარგებლოდ. ბარათებიც მხოლოდ ჩვენ გვიჩვენა, არადა იყო აშკარა დარღვევები, რომელიც არბიტრმა ვერც შეამჩნია“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე დღეს, ჩილესა და პერუს დაპირისპირებაში გაირკვევა.