ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს არცთუ იდეალურ ხასიათზე შეხვდება „საბურთალო“. საქმე ისაა, რომ „შერიფთან“ მატჩამდე 8 დღით ადრე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მოქმედი ჩემპიონის მეტოქე „რუსთავი“ იყო, რომელიც ბოლო დროს სტაბილურად და კარგად თამაშობს, მაგრამ ბუნებრივია, მასპინძლები ოდენ სამი ქულის მოპოვებას ისახვდნენ მიზანდ. თუმცა, ამის გაკეთება ვერ მოახერხეს, რადგან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლაშა ქოჩლაძემ.
რუსთაველთა შემტევმა ჯერ თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა, მერე მოედნის ცენტრში ბურთი მოიხელთა, ოთხი მეტოქის გარემოცვაში იდეალურად ითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სხვაობა გააორმაგა. „საბურთალო“ მძიმე ვითარებაში ჩავარდა, რადგან გამარჯვებისთვის უკვე 3 უპასუხო გოლი სჭირდებოდა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჭიაბრიშვილის შეგირდებსი ჩინებული კომბინაცია შედეგიანი გამოდგა. ვაგნერმა ქუსლით ნიკოლოზ მალის გაატანა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, რომლის ჩაწოდებას გიორგი დიასამიძე გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა.
ბუნებრივია, მეორე ნახევარში თბილისელების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. 74-ე წუთზე კი, უკვე ნახსენები სამეული კიდევ ერთხელ ჩაერთო საქმეში. ვაგნერმა ისევ დიდებული პასით ფლანგზე მალი მოძებნა, რომელმაც კვლავ ჩინებულად ჩააწოდა კარის გასვწრი და იქ დიასამიძე იყო ჩასაფრებული ცარიელ კართან - 2:2.
დარჩენილ დროში კი, რომ არა „რუსთავის“ მეკარის, მამარდაშვილის ყოჩაღობა, „საბურთალო“ მოიგებდა. უნდა გამოვყოთ მსაჯის მე-5 კომპენსირებულ წუთზე მომხდარი ეპიზოდი, როდესაც გაბედავას აუღო ახლო მანძილიდან. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შემტევიც ვერ გამოირჩა იდეალური და კარგი დარტყმით.
„საბურთალომ“ ქულა მოიპოვა და 40 ქულით პირველ ადგილს ერთპიროვნულად დაეპატრონა, მაგრამ ალბათ, ეს დროებითი იქნება. 3 ივლისს, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ ერთმანეთში გაარკვევენ უპირატესობას და გამარჯვებული პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.
„საბურთალო“ – „რუსთავი“ 2:2 (1:2)
გოლები: 0:1 ქოჩლაძე (17), 0:2 ქოჩლაძე (39), 1:2 დიასამიძე (45), 2:2 დიასამიძე (74)