ფეხბურთი

18:13 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს გაცუდებული პენალტის გამო სიკვდილით ემუქრებიან

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელ ვილიამ ტესილოს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამის შესახებ ცნობა თავად მექსიკური „ლეონის“ ფეხბურთელმა დაადასტურა.

„დიახ, ეს სიმართლეა. მათ უნდათ, რომ მომკლან, ყველაფერს მწერენ. გადრა ამისა, ჩემი შვილების მოკვლითაც დამემუქრნენ, შემიძლია ეს წერილები საჯაროდ გამოვაქვეყნო. ამ დღეებში ბევრს ვლოცულობთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი სპორტია, რომელშიც არსებობს, როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება“, - უთხრა რადიო Caracol-ს 29 წლის ნახევარმცველმა.

მუქარის წერილები ტესილომ მას შემდეგ მიიღო, რაც კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ჩილესთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და მისი გუნდი ტურნირს დაემშვიდობა.

კოლუმბიისთვის კი ასეთი საშინელი ფაქტი არახალია. საქვეყნოდ ცნობილი ტრაგედიაც ამ ქვეყანას უკავშირდება. 1994 წლის მუნდიალზე საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო სამშობლოში დაბრუნებული ანდრეს ესკობარი მედელნში ჩაცხრილეს.

ბედის ირონიით, ესკობარის მკვლელობიდან დღეს ზუსტად 25 წელი გავიდა...

0.122827