ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (65 კგ) ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა და ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება.
ფინალში ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იყო, რომელსაც ბრძოლა გაუმართა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით დამარცხდა - 2:10.
გიორგი იანტბელიძის გუნდმა მინსკში მესამე მედალი მოიპოვა (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და კიდევ ერთის მოპოვების შანსი დღეს ექნება - სულ მალე ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას უკვე 23 მედალი აქვს აქტივში - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.