ფეხბურთი

21:58 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერს ფეხი დაუცდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ „საბურთალოსთვის“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური წარუმატებლად დაიწყო.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და ვერაფერი გაახერხა. საერთოდ, ლევან კორღალიძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მეორე წრეში ყველაზე კარგადაც იასპარეზა.

ახლაც, „ლოკომ“ გამართული და შედეგზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშა, რამაც მორიგი გამარჯვება მოუტანა. 56-ე წუთზე „საბურთალოს“ ნახევარდაცვა და დაცვა არცთუ დამაჯერებლად გაისარჯა, რაც სტუმრებს ძვირად დაუჯდათ. დავით სამურკასოვმა ფლანგზე შექმნილი სივრცით კარგად ისარგებლა და ირაკლი სიხარულიძეს ისეთი პასი გაუკეთა, შემტევს გოლის გატანის გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა.

ამ გოლმა კი, როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ლოკომოტივი“ აგრძელებს წარმატებულ სერიას და ნელ-ნელა ევროპა ლიგის ზონას უახლოვდება, ხოლო „საბურთალო“ ამ წუთისთვის ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ პარალელურად ბათუმის „დინამოს“ მატჩზეა დამოკიდებული.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სიხარულიძე (56)

0.128376