ფეხბურთი

1:07 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ ბეწვის ხიდზე წარმატებით გაიარა

არგენტინის ნაკრებმა ბეწვის ხიდზე წარმატებით გაიარა და კოპა ამერიკის მეოთხედფინალში გავიდა. „ალბისელესტეს“ საწყის ორ ტურში კინკილა ქულა ჰქონდა მოპოვებული და ბუნებრივია, ბოლო ტურის წინ იყო საშიშროება, რომ ჯგუფში ჩარჩენილიყო.

ლიონელ სკალონის გუნდი ბოლო ტურში პორტუ ალეგრიში ყატარის ნაკრებს დაუპირისპირდა და მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა. არგენტინა სწრაფადვე ყატარელი მცველის უხეში შეცდომის შედეგად დაწინაურდა, გოლი კი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომელიც თავის ნაკრებში 2 გოლით საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე ტურნირზე. ამის შემდეგ არგენტინა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც აზიელები ყოფილან უსაქმოდ და რამდენჯერმე სცადეს გატანა. ერთხელ ძელმაც იხსნა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე სერხიო აგუერომ დააფიქსირა და არგენტინელმა ქომაგებმა შვებით ამოისუნთქეს. არგენტინამ ჯგუფური ტურნირი 4 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ახლა პლეი-ოფში ეცდება საუკეთესო თამაშის ჩვენებას.

პარალელურად, კოლუმბიამ მისთვის არაფრის მომცემი, მაგრამ მეტოქისთვის ძლაზე მნიშვნელოვანი თამაში მოუგო პარაგვაის და მეოთხედფინალში უდანაკარგოდ, გოლგაუშვებლად გავიდა. პარაგვაიმ კი 2 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და ახლა C ჯგუფის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. აღნიშულმა შედეგმა კი პლეი-ოფში ავტომატურად გაიყვანა A ჯგუფის მესამეადგილოსანი პერუ, რომელსაც 4 ქულა აქვს (პარაგვაის 2) და შესაბამისად, ორ საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 8 მეოთხედფინალისტიდან შვიდის ვინაობა ცნობილია: ბრაზილია, ვენესუელა, პერუ, კოლუმბია, არგენტინა, ჩილე და ურუგვაი. დანარჩენი ერთის ვინაობა კი სამი გუნდიდან გახდება ცნობილი - პარაგვაი, იაპონია, ეკვადორი.

კოლუმბია - პარაგვაი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კუელაარი (31)

ყატარი - არგენტინა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (4), 0:2 აგუერო (82)

0.138789