ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდნენ.
შავდათუაშვილმა დილის სესიაში სამ მეტოქეს სძლია. ლაშამ მოლდოველ იონ ნაჩუს დამატებით დროში მე-3 შიდო მიაღებინა, უკრაინელი არტიომ ხომულა დააიპონა, მეოთხედფინალში კი “გოლდენ სქორში” იპონზე რუსი დენის იარცევი დააგდო.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე შვედი ტომი მაციასი იქნება. ფინალის მე-2 საგზურისთვის აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი და ბერძენი გეორგიოს აზოიდისი იბრძოლებენ.
ჩინებულად გამოიყურებოდა მაისურაძეც, რომელმაც საწყის შეხვედრაში დამატებით დროში ფრანგ ოუმარ ალფა ჯალოს იპონით სძლია, შემდეგ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს 2 ვაზარი აართვა, ხოლო მეოთხედფინალში ბრიტანელი სტუარტ მაკვოტი წუთნახევარში დააიპონა.
ფინალში გასასვლელად ლუკა ბელგიელი მატიას სასეს დაუპირისპირდება. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს უნგრელი ატილა უნგვარი და ბულგარელი ივაილო ივანოვი გაეჯიბრებიან.