ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ იმერულ კლუბს მეტოქედ ყაზახური “ორდაბასი” ერგო, რომელსაც 11 და 18 ივლისს გაეჯიბრება.
“ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც. “ორდაბასი” კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება.
გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს “შერიფიდან” დაგვამახსოვრა. ასევე “ორდაბასის” ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს. ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია “ლუდოგორეციდან”.
ხვალ “გაგრასთან” სათასო მატჩი გვაქვს და ახლა, მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ ”ორდაბასის” მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს – “საბურთალოს”, “დინამოსა” და “ჩიხურას” ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო”.