კალათბურთი

22:03 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: “ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო პერიოდი ჯერაც წინ არის”

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანური “გრან კანარიას” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ ლას პალმასურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში კვლავაც ელიტარულ ლიგა ენდესაში ითამაშებს.

“გრან კანარია” ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იყო იმათგან, რაც მქონდა. მართალი გითხრათ, გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, თუმცა, ოჯახთან კონსულტაციის მერე ასე ვარჩიე და ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. მას შემდეგ, რაც “გრან კანარიას” სპორტულ დირექტორსა და მწვრთნელს ვესაუბრე, მომავალს კიდევ უფრო იმედიანად ვუყურებ.
“მორაბანკ ანდორაში” ჩინებული პერიოდი გავატარე და კარგ ფორმაშიც ვიმყოფებოდი, თუმცა, ჩემი პროგრესი ტრავმამ შეაფერხა, რის გამოც ფაქტობრივად, 2 სეზონი გამიცდა. მადლობა ღმერთს, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და თუკი ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, “გრან კანარიასთვის” მაქსიმუმს გავიღებ. ამასთან, ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო პერიოდი ჯერაც წინ არის.
“გრან კანარიას” წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ეს, ყოველთვის რთული იყო. ამ გუნდში ონდრეი ბალვინისა და ნიკოლა რადიჩევიჩის სახით მეგობრებიც მყავს და ისინი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ აქ ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ვიცი, რომ “გრან კანარიას” ერთგული ქომაგებიც ჰყავს, რომლებიც მეტოქე გუნდებს მუდამ დიდ დისკომფორტს უქმნიან.
გასული სეზონი “გრან კანარიასთვის” წარმატებული არ ყოფილა, თუმცა, ჩავარდნას ყოველთვის აღმავლობა მოსდევს და იმედი მაქვს, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის. ეს გუნდი ამას იმსახურებს”.

0.115486