ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება. ზედიზედ მესამე ტურნირია, ქართველი ჩოგბურთელი პირველივე წრიდან ვარდება.
ბასილაშვილი ამჯერად გერმანიის ქალაქ ჰალეში დაწყებულ შეჯიბრში (საპრიზო ფონდი 2 219 150 ევრო) ჩაება და მართალია, მე-6 ნომრად იყო განთესილი, იტალიელ მატეო ბერეტინისთან 4:6, 4:6 წააგო.
მეტოქემ თითო სეტში თითო ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რაც გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ბასილაშვილს კი ნამდვილად ცუდი დროება უდგას და თუკი ასე თამაში გააგრძელა, ატპ-ს რეიტინგში მოწინავე პოზიციებს მალე დაემშვიდობება.