რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის მე-12 ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2510) თეთრი ფიგურებით რუსი ალეკსანდრა კოსტენიუკი (2546) დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ნანასთვის ეს, მე-4 ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება გახლდათ. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 5.5 ქულა მოაგროვა და 8 მონაწილეს შორის მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებითჱკი, მეშვიდეა.
ძაგნიძეს ყაზანში 2 პარტია დარჩა გასამართი: 16 ივნისს შავებით შეჯიბრის ერთპიროვნულ ლიდერ ალეკსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი, 2522) ეთამაშება, 17-ში კი – თეთრებით, ეკატერინა ლაჰნოს (რუსეთი, 2554).
ცნობისთვის, ხსენებულმა გორიაჩკინამ უკვე 9.0 ქულა მოაგროვა და პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო საუკეთესოს ანუ გორიაჩკინას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლება ერგება.
ვთქვათ ისიც, რომ ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს.