კალათბურთი

17:00 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის “მწვანე ოთახში” მიიწვიეს
ქართველი ცენტრი ცერემონიის დროს მომავალ ვარსკვლავთა შორის იჯდება

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის ე.წ. “მწვანე ოთახში” მიიწვიეს, რაც იმის შანსს, რომ ჩვენებური მოწინავე პოზიციებზე იქნება არჩეული, ერთიორად ზრდის.

და რას წარმოადგენს “მწვანე ოთახი”? ასე სპეციალურ არეას უწოდებენ, რომელიც უშუალოდ სადრაფტო სცენის წინ არის ორგანიზებული და იქ ის კალათბურთელები გროვდებიან, რომელთა არჩევა თითქმის გადაწყვეტილია. სწორედ ამ “ოთახში” ელიან მომავალი საკალათბურთო ვარსკვლავები გვარების გამოცხადებას, რის შემდეგაც სცენაზე ადიან და ნბა-ს კომისიონერ ადამ სილვერს ესალმებიან.

როგორც აღვნიშნეთ, რჩეულთა შორის ბითაძის მოხვედრა ფრიად საგულისხმო მოვლენაა. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ გოგას 2019 წლის დრაფტის მოწინავე ოცეულში გასვლა გარანტირებული ამბავია.

გავრცელებული ინფორმაციით, “მწვანე ოთახში”, ბითაძის გარდა, ზიონ უილიამსონი, ია მორანტი, რ.ჯ. ბარეტი, დე’ანდრე ჰანტერი, ჯარეტ კალვერი, დარიუს გერლენდი, კობი უაითი, სემ რედიში, ჯექსონ ჰეიესი, სეკუ დუმბია, ნასირ ლითლი, ბრენდონ კლარკი, რუი ჰაჩიმურა, პ.ჯ. ვაშინგტონი, ტაილერ ჰეროუ და რომეო ლენგფორდი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი. ამდენად, მნიშვნელოვან მოვლენამდე სულ რაღაც 1 კვირაღა რჩება.

0.115027