კალათბურთი

15:35 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანატოლი ბოისა სამწვრთნელო პრაქტიკას საკრამენტოსა და ლას ვეგასის კემპებზე გაივლის

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურად ზრუნავს ახალგაზრდა, დამწყები მწვრთნელების განვითარებაზე და ამ კუთხით საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

მიმდინარე თვეში ახალბედა მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების ვეტერან ანატოლი ბოისას “საკრამენტო კინგსის” მწვრთნელებთან მოუწევს მუშაობა, რაც დამწყები მწვრთნელისთვის უდიდესი პრაქტიკა იქნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციასა და ნბა-ს კლუბს შორის წარმოებული კომუნიკაციის შედეგად მოვიდა შეთავაზება, რის საფუძველზეც ანატოლი ბოისა მწვრთნელის რანგში მონაწილეობას მიიღებს “კალიფორნია კლასიკ კემპში”, რომელიც 26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საკრამენტოში გაიმართება.

კალიფორნიიდან ბოისა ნევადაში, ნბა-ს ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ის “საკრამენტო კინგსის” გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება… “თითოეული წუთი, რომელსაც მე ცნობილი ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე გავატარებ, იქნება უდიდესი გამოცდილება და შანსი, ვისწავლო მეტი და მეტი – განაცხადა ანატოლი ბოისამ – ჯერ ზუსტად არაა განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რა ამპლუა მექნება ლას ვეგასის ლიგაზე, თუმცა ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და “საკრამენტოს” შეთანხმების საფუძველზე მე ვიქნები ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში და მექნება ფასდაუდებელი გამოცდილების მიღების შანსი”.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბოისამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და გასულ სეზონში “კაკტუსში” თამაშის პარალელურად საკალათბურთო კლუბ “არენა-ორბში” მწვრთნელად მუშაობდა.

www.gbf.ge

0.11717