საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 32 წლის ნახევარმცველის თქმით გუნდმა მიზანს მიაღწია და 3 ქულა მოიპოვა.
„დღეს თამაში კარგად არ წამივიდა. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია, თუმცა გამომდინარე ამინდიდან ცოტა გვიჭირდა მოძრაობა, რადგან ძალიან ცხელოდა. რთული იყო თამაში, მითუმეტეს რომ სეზონის ბოლოა და ძალიან დაღლილები ვართ რთული სეზონის შემდეგ.
დღევანდელ თამაშში რაც იყო მიზანი იმას მივაღწიეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ. ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ, რადგან რამდენიმე დღეში თამაში გვაქვს დანიასთან და გვსურს სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.