ფეხბურთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის შეფასებით, ფედერაციამ უხეშად დაარღვია ბრალდებულთა უფლებები და „წინ გაუსწრო სასამართლოს, რომელსაც თავის მხრივ ვერდიქტი გამოტანილი არ აქვს“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მომდევნო კვირაში გაასაჩივრებენ.
„ფეხბურთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს ჯერ კიდევ არ უმსჯელია, არ დაუდასტურებია და არ დამტკიცებულა ამ ადამიანების ბრალი და ფედერაციამ გაასწრო სასამართლოს პრეროგატივას და თვითონ მიიღეს უსწრაფესი გადაწყვეტილება.
აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონმდებელმა სპეციალურად ჩაწერა აღნიშნულ მუხლში, რომ ყველაზე მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის მეოთხე ნაწილი, როდესაც ადამიანი მიიღებს ფულს შეჯიბრების განზრახ შედეგის გაუარესების გამო, რაც ჯონის არ ჰქონია. ამ ფონზე კი ყველაზე მძიმე სასჯელში წერია, რომ სამ წლამდე ხდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ფედერაციამ კი საერთოდ ჩამოაშორეს ფეხბურთს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.
www..ipn.ge