ფეხბურთი

13:33 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გვინდა, ეს თამაში ქართველი გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი გამოდგეს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის წინ დეტალურად და ვრცლად ისაუბრა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებმა ჯერ გიბრალტართან, მერე კი დანიასთან უნდა ითამაშოს.

„რა თქმა უნდა, კვარაცხელია გამოვიძახე იმისთვის, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივცე და არ გამოვრიცხავ, რომ სასტარტო შემადგენლობაშიც იყოს. მის თამაშს გარკვეულწილად ჩაკვეტაძეს ვადარებ, ის ტალანტია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს. მის დებიუტთან დაკავშირებით მოლოდინი კარგი მაქვს „ლოკომოტივში“ დიდი ნახტომი გააკეთა. მისი მომავალი დამოკიდებულია არამარტო მასზე, არამედ მის გვერდით მდგომ ხალხზე და მათ შორის აგენტებზე. დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება.

სამწუხაროა, რომ ქვილითაია ტრავმის ვერ დაგვეხმარება. ის ემზადებოდა სანაკრებო მატჩებისთვის, მაგრამ ტრავმა მიიღო. დავამატებ, რომ რამდენიმე კვირა გაუცდება.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დანიასთან კი ადვილი თამაში არ გველოდება. ხვალ უფრო შემტევი, ღია ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, ვეცდებით, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თამაში დასამახსოვრებელი იყოს. გიბრალტარმა სომხეთში მართლაც მიაღწია წარმატებას და მეტოქეს ერთა ლიგაზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაუკარგა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში მათი სახიფათო კონტრშეტევები.

გრიგალავას შესაშნავი სეზონი ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგაში, პრაქტიკულად ყველა თამაში ჩაატარა და ამიტომ გამოვიძახე. ამ პოზიციაზე ბოლო დროს ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გრიგალავა კარგ ფორმაშია და ხვალინდელ მატჩში 90%-ით ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ზოგიერთ მოთამაშეს ტრავმები აწუხებთ, პაპუნაშვილი დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, მან მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა და არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ 15-20 წუთი ითამაშოს კიდეც.

ცხადია, ზარანდია ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ხსენებულ პოზიციაზე ამ ეტაპისთვის სხვა ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი, ლობჟანიძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, კვარაცხელია. თუ ლუკა პროგრესირებას გააგრძელებს, აუცილებლად მიეცემა შანსი. რაც შეეხება დრიბლინგს, ფეხბურთს უნდა შევხედოთ უფრო კომპლექსურად და არამხოლოდ კონკრეტულ დეტალს.

ელგუჯა ლობჟანიძე მეორედ არის საქართველოს ნაკრებში. ჩვენ როგორი ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტართან თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია, კარგად იხსნება, მეორე სართულზე კარგად თამაშობს. რეალურად ხვალ შეტევაში ახალი ფეხბურთელებით მოგვიწევს თამაში. ვინაიდან ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ეს შანსია სხვებისთვის და ვფიქრობ, ამ შანსს გამოიყენებენ.

ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზი ისაა, რომ ახლა შანსი სხვებს ეძლევათ. საჭიროა უფრო მეტი ხარისხი და უფრო მეტი დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ვაკო გუნდთან ერთად არ იქნება.

ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმალურად ის ფეხბურთელები იქნებიან მოედანზე, რომლებიც მზად არიან. გვაქვს ის მონახაზიც, რომლითაც დანიაში უნდა ვითამაშოთ და შეიძლება ითქვას უკვე განაწილებულია ის შემადგენლობა, რომელიც ჯერ გიბრალტარსა და შემდეგ დანიას დაუპირისპირდება“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებთა მატჩი 7 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

0.115078