სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

19:12 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციის და “სასკი ბასკონიას” ხელმძღვანელობის პრესკონფერენცია

ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მე-3 დღეა მიმდინარეობს “ბასკონიას” საკალათბურთო კემპი, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კორპორაცია “სასკი ბასკონიას” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული კემპი 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლეულს იგი მეხუთედ იმართება.

დღეს კემპის მონაწილეებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” ხელმძღვანელები ესტუმრნენ და მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ახალგაზრდა კალათბურთელებს კემპის სამონაწილეო სერთიფიკატები გადასცეს ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და “სასკი ბასკონიას” გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა.

წლევანდელი კემპის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 100 კალათბურთელია და მათი ასაკი 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებულებით განისაზღვრება. კემპის მიზანი საუკეთესო, ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების გამოვლენა და მათზე სამომავლო ზრუნვაა.

“ბასკონია” ხელშეკრულების საფუძველზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს ანალოგიურ კემპებს და რჩეულ მოთამაშეებს თავის გამოსაჩენად ესპანეთში, “ბასკონიას” გენერალურ, ინტერნაციონალურ კემპზე იწვევს, რომელიც ზაფხულში იმართება.

საქართველოში გამართული კემპიდან 16 ახალგაზრდა ესპანეთში, “ბასკონიას” გენერალურ კემპზე გაემგზავრება. ესპანეთში საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ მათგანს დაიტოვებენ ესპანელი სპეციალისტები.

კემპის ჩასატარებლად საქართველოში წელს 3 ბასკონიელი სპეციალისტია ჩამოსული, რომლებსაც ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. ესპანელ სპეციალისტებს ასისტენტობას გაუწევენ მამუკა ტურაშვილი, ირაკლი მაისურაძე, გიორგი რაზმაძე და ირაკლი ჯანხოთელი.

კემპის მონაწილეებს დაურიგდათ კომპანია KELME-ს სპორტული ამუნიცია, რომელიც ესპანელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს.

ახალგაზრდა მოთამაშეები დაყოფილნი არიან ასაკობრივ ჯგუფებად და მთელი დღის მანძილზე, დადგენილი გრაფიკით ვარჯიშობენ და ესპანელების მიერ დეტალურ შემოწმებას გადიან.

ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში აქამდე ჩატარებული “ბასკონიას” კემპებიდან ესპანეთში, გენერალურ კემპზე სამონაწილეოდ 70-ამდე ახალგაზრდა იქნა წაყვანილი, საიდანაც 10-ამდე მათგანი “ბასკონიაში” დარჩა და მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116886