ფეხბურთი

2:29 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მალის ზღაპარი მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე (+VIDEO)

მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. მერვედფინალის ბოლო სამი მატჩი კი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ აზიურ დერბიში სამხრეთ კორეის ნაკრებმა იაპონია 84-ე წუთზე სი-ანის ერთადერთი გოლით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გარკვეულწილად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა საფრანგეთისა და აშშ-ს დაპირისპირებაში. „მამლები“ ბუნებრივია ამ წყვილში ფავორიტის სტატუსით სარგებლობდნენ, მაგრამ ამერიკელებამ შესანიშნავად ითამაშეს და იმარჯვეს. თავიდან აშშ დაწინაურდა, მაგრამ გიურისა და ალუის გოლებით ფრანგები წინ გავიდნენ და 74-ე წუთამდე იგებდნენ. თუმცა, თამაშის ბოლო 15-წუთეულში აშშ-ს ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

ბოლო მერვედფინალური მატჩი კი ამ ეტაპის და ზოგადად ტურნირის მშვენება გამოდგა. არგენტინა მალის შეხვდა და გულშემატკივარმა საოცრად დრამატული დუელი იხილა. უგოლო პირველი ტაიმის მერე საქმე მოსაწყენად არ ყოფილა. ადოლფო გაიჩმა 49-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელები დააწინაურა, რასაც აბდულაე დიაბიმ უპასუხა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დაინიშნა დამატებულითი დრო, რომლის პირველივე წუთზე აბდულაი დიაბიმ თავი ისევ „გამოიჩინა“, ოღონდ, ამჯერად საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მეტოქე კვლავ წინ გავიდა. არგენტინა ძალიან ახლოს იყო მეოთხედფინალთან, მაგრამ 120-ე წუთზე აბუბაკარ კონტემ მალის ნაკრებს შანსი დაუტოვა. შანსი, რომელიც აფრიკელებმა ჩინებულად გამოიყენეს, რადგან პენალტების სერიაში იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, ხოლო არგენტინას სამშობლოში დაბრუნება მოუწევს.

მეოთხედფინალის კალენდარი კი ასეთია:

კოლუმბია - უკრაინა (7 ივნისი)

იტალია - მალი (7 ივნისი)

აშშ - ეკვადორი (8 ივნისი)

სამხრეთ კორეა - სენეგალი (8 ივნისი)

საფრანგეთი - აშშ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 სოტო (25), 1:1 გიური (41), 2:1 ალუი (55), 2:2 სოტო (74), 2:3 რენიკსი (83)

იაპონია - სამხრეთ კორეა 0:1 (0:0)

გოლები: 0:1 სი-ანი (84)

არგენტინა - მალი 2:2 (0:0) პენ: 4:5

გოლები: 1:1 გაიჩი (49), 1:1 დიაბი (67), 2:1 დიაბი (91), 2:2 კონტე (120)

0.120785