ჭიდაობა

21:50 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების ყოჩაღი სტარტი - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დღეს დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ ფინალისტები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხუთივეში ინარჩუნებენ მედლის მოპოვების შანსს. ფრიდონ და ლერი აბულაძეებმა დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. გიორგი ქაცანაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, ხოლო ნიკა შერბაკოვი და რობინზონ ესაძე - რეპეშაჟის ნახევარფინალში.

ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) ევროპირველობა რუმინელ კონსტანტინ იონუტ ტუდორთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს 9:0 მოუგო. სომეხ გევორქ სუკიასიანსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე - 8:0. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზაურ ალიევს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 8:5. საჩემპიონო ბრძოლაში ფრიდონის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი ანვარ ალახიაროვი იქნება.

ევროპის შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალის საგზური რუსი ადამ გაუჯაევის ძლევით მოიპოვა. მრისხანე მეტოქე 10:1 დაამარცხა. იქამდე ქართველმა მოჭიდავემ ლიტველი გიტის კულევიჩუსი (10:0) და აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (2:0) ჩამოიშორა. ფინალში კი თურქ აბდულა ტოპრაკს შეხვდება.

გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს ილია ერმოლენკოსთან წაგებით (0:2), მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მეტოქემ მას რამით აჯობა. წარუმატებლობა მნიშვნელოვანწილად მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

ნახევარფინალამდე ქაცანაშვილმა ნორვეგიელი რუბენ ელიას ბინი (8:0) და ხორვატი ფილიპ სმეტკო (4:1) დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი ან ბულგარელ მარიან ილიანოვ მარინოვს დაეჭიდება, ან პოლონელ მიხალ ანდრეჟ დიბკას.

ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ხამიდ ისაევთან მარცხით (0:8). ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შერბაკოვი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ხვალ, დილის პროგრამაში ბულგარელ ტეოდორ ჩავდაროვ დომოზინოვს დაუპირისპირდება. თუ მოუგებს, საღამოს „ბრინჯაოს ფინალში“ ლიტველ არმინას ლიგნუგარისს შეხვდება.

რობინზონ ესაძესაც (130 კგ) ორი გამარჯვება აშორებს მესამე საპრიზო ადგილს. რევაზ ლაშხის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა ევროპირველობა ესპანელი ანტონიო ალეხანდრო გარსია კონეხოს ძლევით (4:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტთან - თურქ მუჰამეტ ჰამზა ბაკირთან წააგო (0:6). „ბრინჯაოს ნახევარფინალში“ ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე პოლონელი ტომაშ იაჩეკ ვავრინჩუკი იქნება. თუ მოუგებს, ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელი დარიუშ ატილა ვიტეკის პირისპირ დადგება.

ხვალვე ჩაებმებიან საქმეში დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და კოკა ღარიბაძე (97 კგ). წინასწარი ეტაპის და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები - 19:15 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი - 20 საათიდან.

0.118813