დღეს, ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. 9 ივნისის ჩათვლით, საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, 10-10 წონით კატეგორიაში შეივსება.
ევროპირველობის საწყისი სამი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები შედგება ხუთ წონაში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კი ფრიდონ აბულაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკა შერბაკოვი (77 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) იჭიდავებენ. მედლები ამ წონებში ხვალ საღამოს გათამაშდება. ხვალვე, დილიდან ჩაებმებიან საქმეში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები: დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და კოკა ღარიბაძე (97 კგ).
მთავარი მწვრთნელის რევაზ ლაშხის განცხადებით, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპირველობისთვის მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გაიარა. სპორტსმენები შეჯიბრებას ტრავმების გარეშე ხვდებიან და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად იბრძოლებენ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე თითო ოქრო-ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გახდა თეიმურაზ ჭკუასელიძე (87 კგ). ჯონი ხეცურიანი (67 კგ) ფინალში დამარცხდა. ლერი აბულაძე (63 კგ) და ბექა გურული (77 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.
2018 წლის შემადგენლობიდან ნაკრებში მხოლოდ აბულაძე და გურული დარჩნენ. შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორები ამჯერადაც ჩაებმებიან კონკურენციაში, ოღონდ გურული ერთი წონითი კატეგორიით მაღლა იჭიდავებს.
დღეს, შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.